Религия
„გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი“

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცეს გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

პატივცემულო, ბატონო მინისტრო,

პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენელნო,

ყოვლადსამღვდელონო მეუფენო,

მამებო, დედებო,

 

გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს!

დიდი სიხარულია დღეს ჩემთვის და ყოველი ჩვენგანისთვის ერთად წირვა და მსახურება.

მოგეხსენებათ, კათოლიკოს-პატრიარქი არსად არ არის საქართველოში სტუმრად, მაგრამ ჩემთვის სამეგრელოში ჩამოსვლა განსაკუთრებულია, უფრო მეტად სახლში ვგრძნობ თავს და ასეთი განწყობით იყო დღევანდელი მსახურება ჩატარებული. დიდება და მადლობა ღმერთს ამისთვის.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწის, დიდი მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესის, გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას, რომლის შესახებაც ყველასთვის ცნობილია, რომ იგი იყო წმინდა დავით აღმაშენებლის აღმზრდელი.

მემატიანე სხვა ეპითეტებთან ერთად ამბობს, რომ იგი იყო „მეფის მამა“, იყო „თანა-განმკაფველი“ ყოველი მისი საქმის და ღვაწლის, კაცი სრული სულიერად, ხორციელად, სავსე სიბრძნით, გონიერებით, გამჭრიახობით. აი, მემატიანის სიტყვები.

რას ნიშნავს „თანა-განმკაფველი“? ეს სიტყვა მეტყველებს იმაზე, რომ იგი არ იყო მხოლოდ უბრალოდ მრჩეველი მეფისა, არამედ მეფესთან ერთად წყვეტდა საქვეყნო საქმეებს და ერთად მართავდნენ ქვეყანას. იგი იყო პირველი ვეზირი, როგორც იცით და მეფემ მას მიანდო „სააჯო კარის“ გაძღოლა, ე. წ. სააპელაციო სასამართლოსი, რომელსაც მანამდე თვითონ უძღვებოდა. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი საეკლესიო ცხოვრებაშიც, არა მხოლოდ საერო ცხოვრებაში. მაგალითად, „რუსი-ურბნისის კრების ძეგლისწერა“ ამბობს, რომ იგი იყო „თვალი კრებისა“. ეს მეტყველებს მის განსაკუთრებულ როლზე იმდროინდელი საეკლესიო აღორძინების საქმეში.

გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე; რომ არა ის, არ დაგვიდგებოდა ოქროს ხანა, რომლითაც ყველანი ვამაყობთ.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რა მადლის მქონე ადამიანი იყო გიორგი ჭყონდიდელი და როგორი ნაყოფები გამოიღო მან დავით აღმაშენებელთან ერთად!

ეს გვაფიქრებს ჩვენს ცხოვრებაზე, თუ რა ნაყოფი უნდა მივართვათ ღმერთს, რადგან უფალი ყველას აძლევს სხვადასხვა ნიჭს და მადლსაც ამ ნიჭების გამრავლებისთვის. ის და ელოდება ჩვენგან ამ ნიჭების გამრავლებას, როგორც წერია სახარებაში: ზოგისგან – ასად, ზოგისგან – სამოცად, ზოგისგან – ოცდაათად (მთ. 13, 8; მთ. 13, 23).

დღეს წაკითხულ სახარებაში სწორედ ამაზე იყო საუბარი.

ერთმა კაცმა გააშენა ვენახი, იქ მოაწყო ყველაფერი იმისთვის, რომ კარგი მოსავალი მიეღო და დაადგინა მუშაკები, რომლებსაც თავის დროზე უნდა მიეტანათ მოსავალი. როცა დადგა რთველის და მოსავლის აღების დრო, მიუვლინა მათ თავისი მსახურები, მაგრამ ვენახის მუშაკებმა ზოგ მათგანს სცემეს, ზოგი ჩაქოლეს, ზოგი მოკლეს. მან კვლავ გააგზავნა თავისი მონები. მათაც იგივე უქნეს. ბოლოს გააგზავნა თავისი ძე, შვილი. იფიქრა, შვილის მაინც მოერიდებათო, მაგრამ ამ ბოროტმა მევენახეებმა იფიქრეს, რომ ეს მემკვიდრეა, მოდი მოვკლათ და დავეპატრონოთ მის ვენახსო. მართლაც, გაიყვანეს ვენახის გარეთ და მოკლეს.

ამ იგავს მოგვითხრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ბოლოს ეკითხება მსმენელებს: „როგორ ფიქრობთ, რას უზამს ვენახის პატრონი ამ ბოროტ მევენახეებს?“ რა თქმა უნდა, პასუხი ადვილი იყო და მსმენელებმა მაშინვე უპასუხეს, რომ ამ ბოროტებს ბოროტად დახოცავს, ვენახს კი გადასცემს კეთილ მევენახეებს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს (მთ. 21, 33-41).

უფალმა იესო ქრისტემ ამით იწინასწარმეტყველა, რას უზამენ მისი მტრები, როგორ მოექცევიან მხოლოდშობილ ძე ღმერთს, რომ გაიყვანენ ვენახიდან, ანუ იერუსალიმიდან, და მოკლავენ, როგორც ბოროტმოქმედს.

ეს იგავი არ ეხება მხოლოდ იმჟამინდელ ხალხს და მათ სულიერ ლიდერებს, ვინც გეგმავდა იესო ქრისტეს დასჯასა და მოკვლას (რაც განახორციელეს კიდეც), არამედ ის ჩვენც გვეხება, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც გვაფრთხილებს და გვაფიქრებს ჩვენს თავზე, ჩვენს ცხოვრებაზე. რატომ? – იმიტომ, რომ უფლისგან ჩვენდამი მინდობილი და ბოძებული ვენახი რა არის სიმბოლურად? რა ვენახი მოგვანდო უფალმა? ეს არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, ყოველი ჩვენგანის მისია და საქმიანობა. ეს საქმე უნდა კეთდებოდეს ისე, რომ უფალმა დაინახოს კეთილი ნაყოფი ჩვენი საქმიანობიდან. დიდი თუ უმნიშვნელო საქმეც ისე უნდა ვაკეთოთ, როგორც ღვთის წინაშე გასაკეთებელი. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ყოველთვის გვხედავს, ყველაფერი იცის და ელოდება ჩვენგან ამ ნაყოფს.

ადამიანი თუ ასე იცხოვრებს, მისი ცხოვრება ნამდვილად ქრისტიანული გახდება და ის პოვებს სიმშვიდეს, პოვებს განსვენებას. ამაოდ კი არ უთქვამს იესო ქრისტეს, რომ თქვენი თმანიც კი დათვლილია თავზეო (მთ. 10, 30; ლკ. 12, 7). ეს ნიშნავს, რომ უფალს ისე ვუყვარვართ, რომ გვიფრთხილდება და გვიცავს, როგორც თვალის ჩინს. და თუ ასე ვიცხოვრებთ, მაშინ ამ ჩვენთვის ღვთისგან მონდობილ ვენახში ვიქნებით, როგორც კეთილი მუშაკები, რომლებიც თავის დროზე მივართმევთ უფალს კეთილ ნაყოფს.

აი, ამის საუკეთესო მაგალითები იყვნენ წმინდა დავით აღმაშენებელი და წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ აღვასრულებთ და ვფიქრობთ მათ ღვაწლზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყოველ ჩვენგანზე.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან წმინდა ადგილას – მარტვილის დიდებულ მონასტერში, სადაც მოღვაწეობდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი და სადაც მასთან პირადად მოდიოდა დავით აღმაშენებელი, ეკითხებოდა რჩევებს, იღებდა ლოცვა-კურთხევას, ისინი თათბირობდნენ, ოთახიც კი მიაშენეს ამ ტაძარს, სადაც განმარტოვდებოდნენ და საუბრობდნენ საქვეყნო საქმეებზე. ისინი ერთმანეთის ღვაწლს ავსებდნენ და ამიტომაც ეღირსნენ ღვთისგან ასეთ დიდ შეწევნას და წყალობას, რომ შემდეგ უკვე დავით აღმაშენებელმა განავრცო საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

დღეს, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ საქართველოს აწმყოსა და მომავალზე. ამ ორი დიდი მოღვაწის ცხოვრების მაგალითზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ბიბლიურ ჭეშმარიტებაში: თუ ჩვენ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით, მხოლოდ ჩვენი ჭკუით შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას, გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით და სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. არ არის საკმარისი მხოლოდ ადამიანური გარჯა და ძალები, არამედ ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და ღვთის შეწევნა. ეს შესანიშნავად უწყოდნენ მეფე დავითმაც და წმინდა გიორგი ჭყონდიდელმაც. ამიტომაც მიიღეს ასეთი საოცარი და ჩვენთვის საამაყო ნაყოფები.

დღეს ვილოცოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვთხოვოთ უფალს, ვთხოვოთ წმინდა დავით მეფეს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელს, რომ მათი ლოცვით უფალმა მოგვმადლოს ასეთი სინერგია ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების მიზნისკენ მომართული; ამ მიზნით გაერთიანებულიყოს მთელი ერი, ყოფილიყოს შეკრული და, რა თქმა უნდა, ამ სანუკვარი მიზნის მიღწევის საქმეში უდიდესი როლი აქვს იმ მხარეს, სადაც ახლა ვიმყოფებით – სამეგრელოს. სამეგრელო მუდამ უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობის სადარაჯოზე, იცავდეს საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას. ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ როგორც საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა სამეგრელო ამ უდიდეს მისიას, შემდგომშიც ასე შეასრულებს, ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ამაში.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

მინდა, დღეს განსაკუთრებით დავლოცო ჭყონდიდის ეპარქია, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი სტეფანე.

მინდა, მადლობა გითხრათ, ძვირფასო მეუფე, თქვენი დაუღალავი შრომისთვის, ღვაწლისთვის. თქვენთან ერთად, ჩვენს და თქვენს ძვირფას სამღვდელოებას, ამ ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასს, მრევლს, ყველას, ვინც აქ მსახურობს, ლოცულობს, უვლის, პატრონობს და უფრთხილდება ამ დიდ სიწმინდეს და დანატოვარს.

მეუფე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენი შრომისთვის სამეცნიერო და საღვთისმეტყველო მიმართულებით. ამ წლების განმავლობაში თქვენ მოახერხეთ, რომ წარმოგეჩინათ ერთ-ერთი უდიდესი მამა მსოფლიო ეკლესიისა – მაქსიმე აღმსარებელი. იკვლევდით მის ცხოვრებას, მისი გადასახლებისა და გარდაცვალების დეტალებს; მიაკვლიეთ იმ წმინდა ნაწილებს, რომლებიც ცაგერთან ახლოს, მონასტერშია დაკრძალული და დაამტკიცეთ თქვენი მეცნიერული შრომით, რომ ეს ნამდვილად მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნეშტია. ეს აღიარეს ცნობილმა მეცნიერებმა და აღნიშნული დარგის ავტორიტეტულმა სპეციალისტებმა. ასე რომ, დიდი მადლობა თქვენ ამ ღვაწლისთვის. მადლობა ასევე ჭყონდიდის ეპარქიის გაძღოლისთვის, რომ დღეს ჭყონდიდის ეპარქია გარკვეული სირთულეების შემდეგ, რომლებიც აქ იყო, ძალიან ღირსეულად აგრძელებს ჩვენს ეკლესიაში ღვაწლს და ცხოვრებას. მინდა დაგლოცოთ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით.

ნიშნად ჩემი ძმური სიყვარულისა და პატივისცემისა, მინდა მოგართვათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია. დედა ღვთისმშობელი ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ეპარქიის მფარველი.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს.

ღმერთმა დალოცოს ჭყონდიდის ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სამეგრელო, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მოგვანიჭოს გამთლიანება, გადარჩენა, მშვიდობა და წყალობა ღვთისა. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

   თქვენ იცით, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, როგორც ჩემი ლოცვა-კურთხევა, დაგირიგდებათ სპეციალურად საიუბილეოდ დამზადებული ჯვრები.

გაიხარეთ! მადლობა ყველას სიყვარულისა და ლოცვისთვის.

ჭყონდიდის ეპარქია, მარტვილის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი
25 სექტემბერი, 2026 წელი